საჩვენო

User info

Welcome, Guest! Please login or register.


You are here » საჩვენო » საჩვენო » ვანესა


ვანესა

Posts 1 to 10 of 10

1

კოვიდის არსებობამდე
იყო პატარა ღამურა,
ჩინეთის აზრზე არ იყო,
ფისომ ქუჩაში იპოვა.

მიუალერსა, გაათბო
მთელი პოემა მიუძღვნა,
ამ უმადურმა ვანესამ,
მოსულიერდა - გაქუსლა...

ფისო დაგვირჩა მჭმუნვარე,
არ შაიტეხა წარბია,
ისეთი ოდა მაარტყა,
ნეტა მე ვიყო თაგუნა!

0

2

გალაკტიონ შე ბებერო  :P

0

3

ვანესა

by MaDaM FisuNiA

მაშინ, როცა ჩემს ირგვლივ კარგი არაფერი ხდებოდა და ყველაფერი მძულდა, ფრთამოტეხილი ღამურა ვიპოვე და ვიშვილე.
ზუსტად მახსოვს, ზამთრის თვე იყო, საღამო, მაგრამ ზამთრისათვის შეუსაბამოდ თბილოდა. ამ ქალაქში ხომ არაფერია კანონზომიერი? ხალხი ამბობს რომ უყვარს ქალაქი, მაგრამ დაუფიქრებლად ყრიან ნაგავს, ჭრიან ხეებს, დადიან გაუმართავი ავტომობილებით, საღამოს კი- სუფრაზე დიდ, ცრემლით გაჟღენთილ ყანწს სულმოუთქმელად გამოსცლიან ხოლმე პატრიოტიზმით აღსავსე გულისამაჩუყებელი ტექსტებისა და ლექსების ფონზე. თუ სინდისის მატლი ნებას დართავთ და ალკოჰოლსაც საკმარისი რაოდენობით შეიწოვენ შეიძლება „ჩემო თბილის ქალაქოც“ დასჭექონ.
„მარაზმი.“

0

4

ჩვეულებისამებრ, გულგატეხილი და გაბრაზებული ვიყავი დედაზე, რომელმაც სამყაროს ჩემი ნებართვის გარეშე მომავლინა და მაიძულა მესუნთქა ის ბინძური ჰაერი რომლითაც თავად უკვე გულიანად გაეჟღინთა ფილტვები და სიმყრალესაც საბოლოოდ მისჩვეოდა. მამაზე, რომელმაც დედასთან „ისიყვარულა“ , სიყვარულის ნაყოფი მიწოდა და ნება მისცა გავეჩინე, ისე რომ ჩემთვის არ ეკითხა მსურდა თუ არა. კიდევ ჩემს შეყვარებულზე, რომელიც საერთოდ არ აღმოჩნდა შეყვარებული. ქუჩის მათხოვრებზე, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძელი კაბის კალთებზე მეკიდებოდნენ და მოწყალებას მთხოვდნენ. ქუჩის უპატრონო ცხოველებზე, რომლებიც არავის ადარდებდა და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავს დამსხმოდნენ. სასულიერო პირებზე, რომლებიც დიდი მონდომებით ცდილობდნენ დამეჯერებინა რომ ღმერთი არსებობდა და ის მხოლოდ ერთი იყო! (მე კი მსურდა ბევრნი ყოფილიყვნენ). მძულდა, მოხუცები, რომლებიც გამოხედვით მაიძულებდნენ მათთვის ადგილი დამეთმო საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მძულდა მხატვრები, რომლებიც თავის „ხელოვნებას“ ჰყიდდნენ ქუჩებში. იმას ხატავდნენ რასაც გვარიან ფასს დაადებდნენ, იმას რაც ხალხს მოეწონებოდა. მძულდა ქუჩის მუსიკოსები უხარისხო მუსიკის ხარჯზე რომ სურდათ ჩემს ჯიბეში მოჩხრიალე ხურდები ჩამეყარა გაძენძილ, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქუდებში. ყველაფერი მძულდა ამ ქალაქში, და ყველა…

0

5

…და , სწორედ იმ უჩვეულოდ თბილი ზამთრის საღამოს, ჩვეულებრივ ფიქრებში გართულმა და საკმარისზე მეტად მთვრალმა, ვიპოვე ფრთამოტეხილი ღამურა. ვანესა დავარქვი, თუმცა სქესი არ ვიცოდი, მკაცრად მწამდა რომ გოგო იყო. მინდოდა ყოფილიყო.
შორიდანვე შევნიშნე ლამპიონის მბჟუტავი სინათლის ცენტრში რაღაც რომ ფართხალებდა. ფეხს ავუჩქარე, თითქმის ჩამწვარი თამბაქოს ღერი ურნისაკენ გავისროლე, მაგრამ ასცდა. მიახლოებამდე ფიქრის ჭიები აქოთქოთდნენ ტვინში:
„ჩიტი?!“
„ჰმმ, ამ დროს?“
„არამგონია…“
„პოლიეთილენის პარკი იქნება…“
„ან რამე ნაგავი, ამ ქალაქში ყველაფერს ნახავ…“
„ყველაფერს, ჩიტის გარდა…“
„იქნებ , გადამფრენი ფრინველია, ჯარს ჩამორჩა, ჩვენი ქალაქის „სუფთა ჰაერმა მოხიბლა“ და მიწას დასცა?“
„ვინ იცის?“
„არა, ზუსტად ვიცი, ფრინველები ჩვენს ქალაქს არ გადაუფრენდნენ…“
„შემოვლითი გზები უჯობთ… იციან, გრძნობენ!“
„ნაგავს?“
„საფრთხეს!..“
„მგონი, მართლა ჩიტია…“
„არა..“
„ღამურა!“
„ო, ღმერთებო! ღამურა…“
პირველი გრძნობა, რომელიც მომეძალა ზიზღი იყო.
„ღამურა!“
„ის ხომ საზიზღარი, სისხლის მწოველი არსებაა?“
„ვამპირი!“

0

6

შემდეგი გრძნობა შიში იყო.
„ბავშვობაში, სოფელში, ხშირად მაშინებდა ბებიაჩემი ღამურებით, რომ სახლში შებინდებამდე დავბრუნებულიყავი. ამბობდა თმაში ჩაგაფრინდება და ვერ მოიცილებო. სისხლს გამოგწოვსო. ეშმაკების მოგზავნილი პარაზიტიაო. კიდევ არ მახსოვს , ბევრ სისულელეს. “
მაინც მივუახლოვდი. ახლოს მისულს არც შემზიზღებია და არც შემშინებია. შემეცოდა. პატარა თაგუნია იყო, ისეთი, ჩემი კატა (ტომი) რომ მოიყვანდა ხოლმე სოფელში, აწვალებდა, აწვალებდა და საბოლოოდ თვალის დახამხამებაში გადასანსლავდა.
„ოჰ, რა სცენა იყო მათი „თამაში“, ერთ სიამოვნებად ღირდა ცქერა…“
„რა ბოროტი ხარ, ცოცხალი არსების ტანჯვა, წამება, შიში, გადარჩენისთვის ბრძოლა, გულის ფანცქალი და.. და კიდევ ათასი საძაგელი გრძნობა სიამოვნებას როგორ გგვრიდა?“
დავფიქრდი.
ახლა, არამხოლოდ გარე სამყარო, ქალაქი და მათში მცხოვრები არსებები, უკვე საკუთარი თავიც მძულდა.

0

7

„ჰმმ, როგორ შემეძლო სიამოვნება მიმეღო სიკვდილმისჯილი არსების ყურებით?!“
„ფაქტია, რომ შეგეძლო, შენვე აღიარე, უფრო მეტიც ეს სიამოვნებას გგვრიდა… მაამებელი, თბილი ჟრუანტელი გივლიდა სხეულში, შენი მონსტრი კატა რომ აწვალებდა პატარა, უსუსურ თაგუნიას და ბოლოს… ბოლოს ხომ იცი რასაც უკეთებდა? ოჰ ღმერთებო, როგორ შეგეძლო, ამ სცენაზე გულიანად გეცინა?“
„არ ვიცი…“
ფრთებიანი თაგუნიას წინ ჩავიმუხლე და ვიგრძენი, როგორ დაიბლარა გარემო. ყელზე რაღაც დამაწვა და საბოლოოდ აფეთქდა.
მორჩა. სამყაროზე გადაკრული ბლარი გაქრა, მე კი — ვტიროდი.
„რამდენი ხანია არ მიტირია, რა სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა ღაწვზე ცრემლის ჩამოგორება და იმის განცდა, რომ გული გაქვს…“
ფრთამოტეხილ არსებისაკენ ხელი წავიღე, შევყოვნდი…
„ვამპირი…“
„ვამპირები არ არსებობენ…“
„რომ არსებობდნენ, მათი საყვარელი ცხოველი იქნებოდა.“
„თუ ფრინველი?“
„არ ვიცი, იქნებ … პარაზიტი?“
„რომ არსებობდნენ, ადამიანების სისხლით დაიწყებდნენ კვებას…“
„რომ არსებობდნენ, მენდომებოდა ვამპირობა…“
„მენდომებოდა მყოლოდა საკუთარი ღამურა…“
„გოგო ღამურა, რომელსაც როზმარის ან რამე მსგავს „ვამპირულ“ სახელს დავარქმევდი…“
„ვანესა?“
„ვანესა მომწონს, კარგად უკრავს…“
„მაე?“
„ჰო..“
„ვანესას დაარქმევ?“
„რატომაც არა?!“
„იქნებ ბიჭია?“
„მაშინ, მოფერებით ვასოს დავუძახებ, თუმცა დარწმუნებული ვარ ვერასოდეს გავიგებ მის სქესს…“

0

8

ვანესას როდესაც პირველად შევეხე, შევნიშნე რომ ჩემი შეეშინდა, იმაზე მეტად აფორიაქდა ვიდრე მანამდე და იმაზე ძლიერ ცდილობდა გაფრენას ვიდრე ჩემს მიახლოებამდე. ვერ შეძლო. მივხვდი, რომ რაღაც სტკიოდა.
„ჰაერი მოწამლავდა!“ გაჰკიოდა ყველაზე პესიმისტი და ჩემს ქალაქზე გულაცრუებული ტვინის ჭია, მაგრამ მე არ ვუსმენდი, ვგრძნობდი რომ რაღაც სხვა აწუხებდა და ეს იყო ციცქნა, დამტვრეული ქოლგის მსგავსი ფრთა. ასეთები არ ჰქონდათ იმ თაგვებს ტომი რომ ჭამდა სოფელში. ისევ თვალწინ დამიდგა ის სცენები, გულიან სიცილს რომ მგვრიდა ოდესღაც, თუმცა, აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე, ყველაფერი ძველებურად ხდებოდა, მაგრამ თითქოს ეს სრულიად სხვა მოგონება იყო, სხვისი მოგონება, ტრაგედია და არა კომედია, ამჯერად ის მე მტკენდა. მაგრამ არ ვიცი რას. სულების არსებობის რომ მწამდეს ვიტყოდი სული მტკიოდა-მეთქი, მაგრამ არ მწამს.
„გული?“
„მაგ ორგანოს არსებობა დიდი ხნის წინ დამავიწყდა…“
„დავიწყება გაქრობას არ ნშნავს, ახლახან იტირე, გახსოვს?“- ჩამაცივდა ჭია.
….

0

9

….
პეშვში მომწყვდეული არსების ფრთხიალმა ტვინის მატლებთან დიალოგი გამაწყვეტინა და პირდაპირ ვანესას მივმართე:
-ჰეი, ნუ გეშინია, არ შეგჭამ, არ ვარ ადამიანი…
არაფერი მიპასუხა, მაგრამ საგრძნობლად დამშვიდდა. ცოტა ხნის წინ ვგრძნობდი, როგორ გამალებით ფეთქავდა ჩემს ხელის გულზე მისი სხეული, ახლა კი დამშვიდდა. თითქოს , შვება იგრძნო. საფრთხე ვეღარ დაინახა ჩემში…
მესიამოვნა.
ვანესა თხელი პიჯაკის უბეში ჩავისვი და ვიშვილე. ფრთა მოვურჩინე. შევიყვარე.
მასთან ხშირად ვსაუბრობდი, თუმცა, ეს უფრო მონოლოგი იყო ვიდრე დიალოგი, მომაპყრობდა თავის წვრილ, შავ თვალებს და მისმენდა, პასუხი კი მხოლოდ ერთხელ გამცა, როდესაც ვკითხე, რა გაწმენდდა ჰაერს ხალხის ბინძური ამონასუნთქისგან. მიპასუხა სიყვარულიო.
დიდ ხანს არ უცოცხლია, მაგრამ სიყვარულის უნარი დამიბრუნა. ხალხთან ერთად, ჩემი ქალაქიც შევიყვარე და მისი ბინძური ჰაერიც, რომლის გაწმენდასაც ვცდილობ, ჩემს ეზოში მიწის ნაგლეჯებზე დათესილი მცენარეებით. ახლა, ქუჩაში ბოდიალისას სხვის ნაგავსაც ვკრეფ და საკუთარსაც ურნაში ვყრი.

0

10

platon wrote:

-ჰეი, ნუ გეშინია, არ შეგჭამ, არ ვარ ადამიანი…

ადამიანი რომ ყოფილიყო, კორონა უფრე ადრე გავრცელდებოდა :)

0


You are here » საჩვენო » საჩვენო » ვანესა


Рейтинг форумов | Создать форум бесплатно