„ჰმმ, როგორ შემეძლო სიამოვნება მიმეღო სიკვდილმისჯილი არსების ყურებით?!“
„ფაქტია, რომ შეგეძლო, შენვე აღიარე, უფრო მეტიც ეს სიამოვნებას გგვრიდა… მაამებელი, თბილი ჟრუანტელი გივლიდა სხეულში, შენი მონსტრი კატა რომ აწვალებდა პატარა, უსუსურ თაგუნიას და ბოლოს… ბოლოს ხომ იცი რასაც უკეთებდა? ოჰ ღმერთებო, როგორ შეგეძლო, ამ სცენაზე გულიანად გეცინა?“
„არ ვიცი…“
ფრთებიანი თაგუნიას წინ ჩავიმუხლე და ვიგრძენი, როგორ დაიბლარა გარემო. ყელზე რაღაც დამაწვა და საბოლოოდ აფეთქდა.
მორჩა. სამყაროზე გადაკრული ბლარი გაქრა, მე კი — ვტიროდი.
„რამდენი ხანია არ მიტირია, რა სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა ღაწვზე ცრემლის ჩამოგორება და იმის განცდა, რომ გული გაქვს…“
ფრთამოტეხილ არსებისაკენ ხელი წავიღე, შევყოვნდი…
„ვამპირი…“
„ვამპირები არ არსებობენ…“
„რომ არსებობდნენ, მათი საყვარელი ცხოველი იქნებოდა.“
„თუ ფრინველი?“
„არ ვიცი, იქნებ … პარაზიტი?“
„რომ არსებობდნენ, ადამიანების სისხლით დაიწყებდნენ კვებას…“
„რომ არსებობდნენ, მენდომებოდა ვამპირობა…“
„მენდომებოდა მყოლოდა საკუთარი ღამურა…“
„გოგო ღამურა, რომელსაც როზმარის ან რამე მსგავს „ვამპირულ“ სახელს დავარქმევდი…“
„ვანესა?“
„ვანესა მომწონს, კარგად უკრავს…“
„მაე?“
„ჰო..“
„ვანესას დაარქმევ?“
„რატომაც არა?!“
„იქნებ ბიჭია?“
„მაშინ, მოფერებით ვასოს დავუძახებ, თუმცა დარწმუნებული ვარ ვერასოდეს გავიგებ მის სქესს…“